სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა გრძელდება
27.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №92 საჯარო სკოლას ეწვია და იმ სასწავლო-შემეცნებით,  საკითხავ და დიდაქტიზებულ 100-ზე მეტი დასახელების ინგლისურენოვან ლიტერატურას გაეცნო, რომელიც განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტმა ტატო შავშიშვილმა სკოლის  ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა. მაღალპოლიგრაფიული ხარისხის უნიკალური წიგნები საინტერესოა, როგორც უცხო ენის მცოდნე სხვადასხვა მიმართულების მასწავლებელთათვის ასევე,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის..

სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა პრეზიდენტის  ერთ-ერთი ინიციატივა და სამინისტროს პრიორიტეტია. განათლების პროფესიული სინდიკატი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ინიციატივას - საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების საკითხავი ლიტერატურითა და სასწავლო სახელმძღვანელოებით შევსების თაობაზე.

არდადეგების პერიოდში მიმდინარეობს სკოლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი. ახალი სასწავლო წლიდან კი, ინტენსიურად დაიწყება ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება. სამინისტრო მიესალმება და მადლობას უხდის ამ პროცესის მხარდამჭერ ყველა ორგანიზაციასა თუ,  კერძო პირს.

გარდა მხატვრული ლიტერატურისა, სამინიტრო მაქსიმალურად ზრუნავს სასკოლო ბიბლიოთეკების  სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლო მასალით უზრუნველყოფაზეც. წელს პირველად, რვა მილიონი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი ყველა კლასის მოსწავლე იყოს სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, სასკოლო ბიბლიოთეკები მეორადი გამოყენების სახელმძღვანელოებით აღიჭურვება და მათი გამოყენების უფლება ნებისმიერ მოსწავლეს ექნება.

ახალი სასწავლო წლიდან განათლების პროფესიული სინდიკატი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში  თანამედროვე სტანტარტების შესაბამისი ”პედაგოგიური ბიბლიოთეკის” მოწყობას გეგმავს, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ არსებობს. ბიბლიოთეკაში  განთავსებული იქნება პედაგოგებისათვის განკუთვნილი სხვასდასხვა მიმართულებისა და შინაარსის ლიტერატურა, ტესტები, დამხმარე მასალები.

”პედაგოგიური ბიბლიოთეკით” სარგებლობა  საქართველოს ყველა პედაგოგს შეეძლება, ისინი არა მარტო წიგნის გატანას შეძლებენ დროებითი მოხმარებისთვის, არამედ მათთვის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სისტემატიურად მოეწყობა სემინარები, ტრენინგები, კონსულტაციები. გარდა ქართველი ავტორებისა ბიბლიოთეკა შეივსება ამერიკიდან და ევროპიდან შემოტანილი უცხოელი ავტორების პედაგოგიური ლიტერატურით.