მინისტრი IT ცენტრის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
30.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული  სწავლების  ცენტრში (IT) ვებ.  ტექნოლოგიების  სტუდენტების მიერ  დამზადებული  40  საჯარო  სკოლის  ვებ–გვერდების  პრეზენტაციას გაეცნო და მათ შორის საუკეთესო ვებგვერდის ავტორი დააჯილდოვა. საპატიო  სიგელები  და  ფასიანი  საჩუქრები გადაეცათ 2009–2010 სასწავლო  წლის  სხვადასხვა  სპეციალობების წარმატებულ კურსდამთავრებულებს. ღონისძიების ფარგლებში შეიქმნა ცენტრის კურსდამთვრებულთა  ასოციაცია.

ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი, 2007 წელს შეიქმნა. მისი პროფილი არის ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ისწავლება შემდეგი სპეციალობები: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ვებ ტექნოლოგიები, მულტიმედია ტექნოლოგიები, ელექტრონული და სატელეკომუნიკაციო ქსელები.

ცენტრში  განახლებული პროგრამებით უკვე 1600-მდე პროფესიული სტუდენტი გადამზადდა. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა მაღალანაზღაურებად სამსახურში უკვე დასაქმდა.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან: Magticom, Alta, Orient Logic, United Telecom, Infogeorgia XXI, UGT, UNIT, Prime Systems, Bakur Sulakauri Studio, I Stereo, Pixel, GSC, Satellite Geocom, IT Service, Siesta და სხვა, სადაც სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას და შემდგომ საქმდებიან.

ცენტრში ფუნქციონირებს საერთაშორისო სერთიფიცირებისა და სწავლების ცენტრები CISCO-სა და Microsoft-ის ბაზაზე. 2009 წელს საქართველოს ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნესსაბჭოს და ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიერ ცენტრი აღიარებული იქნა  IT განათლების საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, ცენტრის სრულ მატერიალურ-ტექნიკურ რეაბილიტაციაზე 1,4 მილ. ლარი დაიხარჯა.