საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ მიღებაზე მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ 50 უცხოელ პედაგოგს შეხვდნენ და პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.
საქართველოში ჩამოსული ინგლისური ენის მასწავლებლების პირველი ჯგუფი ამერიკიდან, ინგლისიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან არიან. უცხო ენის სპეციალისტები საქართველოში ეტაპობრიდად სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ და პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლის სკოლების თითქმის ნახევარს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც მოიცავს. პირველი ჯგუფი მთლიანად აჭარის რეგიონში გადანაწილდება. უცხოელი პედაგოგები სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენს ქვეყანას გაეცნობიან, ტრენინგებს გაივლიან და სურვილის შემთხვევაში, ქართულ ენასაც შეისწავლიან.
დიმიტრი შაშკინმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ჩამობრძანებისა და პროგრამის მხარდაჭერისთვის: ”რეგიონებში, უცხო ენის მასწავლებელთა კვალიფიკაცია ხშირად არც თუ ისე მაღალია. შესაბამისად, თქვენ ინგლისურს ასწავლით არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ პედაგოგებსაც დაეხმარებით, რათა კვალიფიკაცია აიმაღლონ. თქვენ არა მხოლოდ სასწავლო პროცესში ჩაერთვებით, არამედ ურთიერთობა გექნებათ ადგილობრივ საზოგადოებასთან, თავიანთ მოსაზრებებს გაგიზიარებენ, გაგაცნობენ ქართულ კულტურას, თქვენ კი, დასავლურ, დემოკრატიულ ღირებულებებს გააცნობთ მათ. გვესმის, რომ საქართველო თქვენთვის უცხო ქვეყანაა. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შეგიწყოთ. სამ თვეში ერთხელ ჩვენ შევიკრიბებით და შედეგებს განვიხილავთ”- განაცხადა მინისტრმა.
დიმიტრი შაშკინი ასევე შეეხო უცხო ენების გაძლიერებულად სწავლების მნიშვნელობას და ახალ ინიციატივას, რომელიც პირველი კლასიდან უცხო ენის სწავლების შემოღებას გულისხმობს. ახალი პროგრამა სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლაში გაივლის პოლოტირებას და შემდეგ ყველა სკოლაში დაინერგება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ამერიკის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და ლიტვის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.