საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია და ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ სომეხ მოსწავლეებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოწვევით, 5 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკიდან თბილისში 20 მოზარდი ჩამოვიდა, ისინი 21 დღეს ქართველ თანატოლებთან ერთად, წყნეთის ენის საზაფხულო ბანაკში გაატარებენ, სადაც გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურ ენას და სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამის - ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში” ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან წყნეთში 110 წარჩინებული მოსწავლე დასვენებასთან ერთად ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებს, სწორედ მათ შეუერთდებიან სომეხი თანატოლები.
აკაკი სეფერთელაძის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ანალოგიური ერთობლივი გაცვლითი პროგრამის განხორციელება, იგი მოზარდებს დაეხმარება უცხოელ თანატოლებთან დამეგობრებასა და სხვა ქვეყნების ისტორიისა და კულტურის გაცნობაში.