პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
10.08.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს დირექტორმა ირაკლი თოდუამ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. 

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 317 სკოლაში   სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში  ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც დაწყებითი საფეხურის  კლასები განთავსდება. შენობა ერთსართულიანი იქნება და  სულ 180 ბავშვზე იქნება გათვლილი. ახალი კორპუსი მწვანე საფარის სახურავით დაიხურება, რომელიც  გულისხმობს  ცოცხალ გამწვანებას, ხე-მცენარეებს და ბალახის საფარს.

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება. ახალ სასწავლო წელს დაწყებითი კლასის  მოსწავლეები ახალ შენობაში დაიწყებენ.  სკოლაში აგრეთვე იგეგმება მცირე სპორტული დარბაზის რეაბილიტაციაც.

პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში თბილისში 108 სკოლა გაკეთდება. ამათგან 24 სკოლაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, კეთდება 67 სპორტული დარბაზი, მათგან 5 დასრულებულია.