რუსთავის ყველა საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
21.08.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. რუსთავში 26 საჯარო სკოლაა, ოცდაექვსივე საჯარო სკოლას ახალი სასწავლო წლისთვის რეაბილიტაცია უტარდება. საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოებზე 535 ათასი ლარი დაიხარჯა, მთლიანად რუსთავის სკოლების რეაბილიტაციისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  650 ათასი ლარი გამოყო. 

დიმიტრი შაშკინი და დავით კირკიტაძე  21-ე და მე-7 საჯარო სკოლებს ეწვივნენ და სკოლებში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. ,,საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ინფრასტუქტურა თანამედროვე სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამის ნათელი მაგალითია’’ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

დავით კირკიტაძის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან რუსთავის  ყველა მოსწავლე სწავლას გარემონტებულ სკოლაში დაიწყებს, რაც უპრეცედენტო ფაქტია.

საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია სახელმწიფო პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი მთავარია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 317 სკოლის   სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.