პროფკავშირულ ორგანიზაციებთან ურთიერთობები დარეგულირდება
24.08.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და  პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში მოქმედ პროფკავშირულ ორგანიზაციებთან შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება.

როგორც შეხვედრაზე გადაწყდა ამიერიდან, სამინისტროს, სისტემაში შემავალ სასწავლო დაწესებულებებსა და გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის სამართლებრივად დარეგულირებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, რომლის შემადგენლობაშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები შევლენ.

ერთობლივი სამუშაო ჯგუფი  ორივე მხარისთვის მისაღებ თანამშრომლობის ფორმას შეარჩევს, შეიმუშავებს იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობას კანონის შესაბამისობაში მოიყვანს.