საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
სასერტიფიკატო გამოცდებში საქართველოს მასშტაბით 10 000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას, მათგან ორ გამოცდას პროფესიულ უნარებში და სპეციალობაში 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება 1147 ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგს (პედაგოგთა საერთო რაოდენობის 11%-ს).
გამოცდაზე გასვლა და პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარება სხვა საგნების პედაგოგებსაც შეეძლოთ. თითო საგანი ჩააბარა გამოცდაზე გასული პედაგოგების 50%-მა, მათ ეს ქულა ენახებათ და განმეორებით გამოცდაზე მხოლოდ ერთ საგანს ჩააბარებენ. ქართულ ენაში ბარიერი გადალახა 702-მა მასწავლებელმა, მათემატიკაში - 480-მა, უცხო ენებში -1253-მა, პროფესიულ უნარებში - 1253-მა.
ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.
რაც შეეხება სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, მინისტრის განცხადებით, მათ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორ მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს. ასევე ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში ”ასწავლე საქართველოსთვის”, რომელიც გულისხმობს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სადაც პედაგოგები ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 500 და 1000 ლარიან დანამატს მიიღებენ.
2014 წლამდე ყველა მოქმედი პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას და 2014 წლიდან საქართველოს ყველა სკოლაში იქნება სერტიფიცირებული მასწავლებელი, რაც, თავისთავად, გულისხობს მასწავლებელთა კვალიფიციკაციის ამაღლებას და სწავლების ხარისხის გაზრდას.