ახალი
სკოლის მოდელის საპილოტე სკოლებში დანერგვის მონიტორინგის/კვლევის დიზაინის შერჩევისას
უპირატესობა მიენიჭა თვისებრივ მეთოდებს. მონაცემები მოპოვებული იყო შემდეგი მეთოდების საშუალებით: დღიური, ინტერვიუ,
ფოკუს-ჯგუფი, მტკიცებულებების ანალიზი.
დღიური - მხარდამჭერი გუნდის წევრები, საკუთარი საქმიანობის შეფასების მიზნით, აწარმოებდნენ რეფლექსიის დღიურს. აღნიშნული დღიური ექსპერტების მხრიდან მოითხოვდა მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას, სამი ძირითადი მიმართულებით: ძირითადი მიგნება/აღმოჩენა, წამოჭრილი პრობლემა და ზოგადი კომენტარი.
ინტერვიუ - ნახევრად სტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუ განხორციელდა სკოლის დირექტორთან/ადმინისტრაციის წარმომადგენელთან. ინტერვიუს მიზანი იყო სკოლის ადმინისტრაციული რგოლის თვალით დანახული პროცესების შესახებ უკუკავშირის მიღება. კერძოდ, რამდენად გაცნობიერებული იყო სკოლის ადმინისტრაციის მიერ ახალი სკოლის მოდელის არსი და მიმდინარე ცვლილებები, როგორ ხედავდნენ ამ ცვლილებების განვითარებას, მათ მდგრადობას და საკუთარ როლს ახალი სკოლის მოდელის განვითარებაში სამომავლოდ.
ფოკუს-ჯგუფი - პროექტში ჩართული ყველა სკოლის ბაზაზე განხორციელდა თითო ფოკუსირებული ჯგუფური ინტერვიუ პედაგოგებთან. ფოკუს-ჯგუფის მიზანი იყო მასწავლებლის თვალით დანახული პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების, სკოლის მხარდამჭერი გუნდის წევრების მუშაობის პროცესის შეფასებისა და მოდელის რეალიზების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ უკუკავშირის მიღება. აგრეთვე, თუ რამდენად იყო გაცნობიერებული მოდელის არსი და განსახორციელებელი ცვლილებები, პროექტის მონაწილე თითოეული მასწავლებლისთვის და მათი წარმოდგენები პროექტის განვითარების შესახებ.
მტკიცებულებების ანალიზი
კურიკულუმის ანალიზი - ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სპეციალურად შექმნილ ღრუბლოვან სივრცეში პროექტში ჩართული ყველა სკოლა ტვირთავდა მის მიერ შემუშავებულ კურიკულუმს. შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე (შერჩევის ერთეული სკოლა) ხდებოდა კურიკულუმების შექმნის პროცესის შეფასება. საგნობრივი ექსპერტების დახმარებით ხდებოდა არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მისი რეფლექსია ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს სამოქმედო სტრატეგიაში.
შესრულებული სამუშაოს ანალიზი - მოსწავლეთა ფოკუს-ჯგუფის დასრულების შემდეგ ინტერვიუერი ათვალიერებდა მათ მიერ შესრულებულ კომპლექსურ დავალებებს. მათი ნებართვის საფუძველზე ხდებოდა დავალებების ფოტო გადაღება შემდგომი დამუშავებისთვის.
ვიდეო ჩანაწერები - საგნობრივი ექსპერტები მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრებს ახორციელებდნენ დისტანციურ ფორმატშიც, პლატფორმა “თიმსის” გამოყენებით. შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ხდებოდა ჩანაწერების გაანალიზებაც პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით.