საქართველოს პრეზიდენტი სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა
27.08.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებს შეხვდა. წელს პირველად საქართველოში  ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისების მიზნით, ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომლითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ სპეციალური კვოტებით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას. მათ ჩააბარეს მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) და ჩაირიცხნენ მოსამზადებელ ფაკულტეტებზე.  ისინი ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად ისწავლიან ქართულ ენას და შემდეგ წელს განაგრძობენ სწავლას  უმაღლესი განათლების მისაღებად. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამისათვის ბევრი ცვლილების შეტანა გახდა აუცილებელი ეროვნული გამოცდების პროგრამაში.  მოლოდინმა გაამართლა და თუ შარშან სახელმწიფოს მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა  მხოლოდ სამი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, წელს სახელმწიფო დაფინანსებას, ჩარიცხული 294 სტუდენტისაგან, 200 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი  სტუდენტი მიიღებს.  

მოწვეულ სტუდენტთა ნაწილმა ქართულად ჩააბარა 4 გამოცდა და ჩაირიცხა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო მეორე ნაწილმა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ჩააბარა მხოლოდ ზოგადი უნარები მშობლიურ ენაზე: ”ჩემთვის ეს არის მთავარი საკითხი, როცა ქართველ ერზე ვლაპარაკობ ვხმარობ ტერმინს მრავალეთნიკური ერი... რადგან საქართველო არ ეკუთვნის არც ცალკე აღებულ ეთნიკურ ქართველებს, არც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, არც ეთნიკურ ოსებს, სომხებს, საქართველო ეკუთვნის ყველას ერთად, საქართველო არის ყველასი, ვისაც იგი უყვარს და ვისაც მისი წარმატებული მომავალი სურს”-განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო მულტიკულტურული და მრავალეროვანი სახელმწიფოა, სადაც ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს ყველა მაცხოვრებელს, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა და წარმოშობისა სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების საშუალება უნდა ჰქონდეს: ”ადამიანი იზომება თავისი ნიჭიერებით, შრომისუნარიანობით, წესიერებით, პატრიოტიზმით და არა რელიგიით, ან ეთნიკურობით, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს ჰქონდეს წარმატების მიღწევის შანსი. ამის კარგი მაგალითია განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას ხელძღვანელობს და რომელმაც შესაძლოა უფრო მაღალი თანამდებობაც დაიკავოს, მათ შორის პრეზიდენტის პოსტი. დარწმუნებული ვარ გავა დრო და შაშკინს მოიხსენიებენ, როგორც თავდადებულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი სტუდენტებს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენის კარგად ცოდნა მშობლიური ენის დავიწყებას არ ნიშნავს.

მიხეილ სააკაშვილი განათლების სფეროში პრიორიტეტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დგება დრო, როდესაც საქართველოში ბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის არაქართველებიც.

"წელს 300–მა აბიტურიენტმა გაბედა და ეროვნული გამოცდები ახალი პროგრამით ჩააბარა. თქვენ გახდით სტუდენტები და ეს ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. მინდა თქვენი რიცხვი ბევრად გაიზარდოს", - განაცხადა დასასრულს პრეზიდენტმა.

შეხვედრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი შედგების მქონე სტუდენტები კომპიუტერებით დაასაჩუქრა.