ნუნუ მიცკევიჩმა თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გახსნა
20.09.2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გაიხსნა, რომელიც დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციას საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. ვარშავის უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელთან დაკავშირებული მუდმივმოქმედი სამეცნიერო ფორუმი ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ წმინდანის გარდაცვალების დღეს იმართება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და აღნიშნა, რომ კონფერენციის საერთაშორისო მასშტაბი მნიშვნელოვანია მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. მისი თქმით, განსაკუთრებით საამაყოა, რომ კონფერენცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს –დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს ეძღვნება და კიდევ ერთხელ იძლევა მისი მნიშვნელობის გადააზრების შესაძლებლობას.  

კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტების, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ასევე, მსოფლიოს წამყვანი ევროპული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები 16 ქვეყნიდან.

კონფერენცია თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის, რომის საპიენცას უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ევროპული აკადემიისა და წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოების ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია,  მკვლევრები, მეცნიერები და დაინტერესებული საზოგადოება.