ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბოსტონში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.
მიხელ ჩხენკელმა სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია. მინისტრმა სტუდენტებთან შეერთებულ შტატებში საკუთარი ვიზიტის შესახებ ისაუბრა და სტუდენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია გააცნო.
სტუდენტები დაინტერესდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით და აღნიშნეს, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება როგორც განათლებისა და მეცნიერების, ისე მედიცინაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
მიხეილ ჩხენკელი: „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ბოსტონის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტების ჯგუფთან, საინტერესო კითხვები დასვეს სტუდენტებმა, მეც მქონდა საშუალება, მათთვის მომეყოლა საქართველოში საგანმანათლებლო სივრცის ძალიან საინტერესო პროექტების შესახებ. ვისაუბრეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი გუნდისთვის განათლება არის სტრატეგიული პრიორიტეტი. ჩვენი ხელისფლების პირობებში სხვადასხვა პროგრამით ყოველწლიურად მინიმუმ 900 სტუდენტი მიემგზავრება უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში იმისთვის, რომ მიიღონ განათლება, შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში და თავიანთი ცოდნა მოახმარონ ქვეყნის განვითარებას. ჩვენი გუნდი ამას მაქსიმალურად უწყობს ხელს.
ქართველ სტუდენტებს ასევე მოვუყევი ჩვენი დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის შესახებ. ჩვენ გახლდით ჩიკაგოში, უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, ეს გახლავთ ამერიკის რადიაციის და ონკოლოგიის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, სადაც ჩვენ უცხოეთის წამყვან მეცნიერებს დეტალურად გავაცანით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი, რითიც ისინი ძალიან დაინტერესდნენ და გამოთქვეს მზაობა, რომ აქტიურად ჩაერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის როგორც კილინიკურ, ისე სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი ჭეშმარიტად უნიკალური პროექტია, სადაც იფუნქციონირებს 2 ციკლოტრონი. პირველი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამდეროვე მეთოდებით, ეს გახლავთ პროტონული თერაპია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო-კვლევით პროცესს, რითიც, როგორც აღვნიშნე, ძალიან დაინტერესდნენ წამყვანი მეცნიერები. ისინი ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოებენ კვლევებს როგორც ონკოლოგიაში, ზოგადად სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი კი იქნება ქუთაისში.
სწორედ ის ფაქტორი, რომ ჩვენ გვექნება ციკლოტრონი, რომელიც მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო-კვლევით პროცესს, ძალიან დიდ ინტერესესს იწვევს მსოფლიოს წამყვან მკვლევარებს შორის და რამდენიმე მათგანი დათანხმდა, რომ იქნებიან ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრები, ბევრი მათგანი უშუალოდ იქნება ჩართული კვლევით პროცესში ქართველ მეცნიერებთან ერთად.
სამედიცინო სფერო და სამედიცინო ფიზიკა ძალიან მაღალ დონეზეა წარმოდგენილი ამერიკაში, კონკრეტულად ბოსტონში. ჩვენ ძალიან ბევრი ცნობილი მკვლევარი შეგვხვდება და მათთან ვისაუბრებთ თანამშრომლობის გზებზე, დავსახავთ თანამშრომლობის კონკრეტულ სტრატეგიას ამერიკის წამყვან ცენტრებსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ექსპერიმენტულ ბირთვულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში“.
განათლება საქართველოს ხელისუფლებისთვის სტრატეგიული პრიორიტეია. 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამებით დაფინანსებულია საქართველოს 8 101 მოქალაქის სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება საზღვარგარეთ. ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლისათვის დახარჯული თანხა 44 მილიონ ლარზე მეტია.
ბოსტონში მყოფ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძეც ესწრებოდა.