საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში შეხვედრები გამართა მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტსა და ჯოსლინის ცენტრში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან არის აფილირებული.
შეხვედრებს ესწრებოდნენ მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტის (MMI), ჯოსლინის ცენტრისა და Viron Therapeutics-ის ხელმძღვანელი პირები: ბანუ ჯენა – MMI-ს პრეზიდენტი და Viron Therapeutics-ის აღმასრულებელი მდივანი, რონალდ კანი – ჯოსლინის ცენტრის მთავარი აკადემიური ოფიცერი, ჯორჯ კინგი – ჯოსლინის ცენტრის მთავარი სამეცნიერო ოფიცერი, გილერმო მერმალი – Viron Therapeutics-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი, დენიელ ვალცი – Viron Therapeutics-ის აკადემიური მრჩეველი და MMI-ს ოპერაციების დირექტორი, ფილიპ ბერდი – Viron Therapeutic-ის მთავარი სამედიცონო ოფიცერი. მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ნიკოლოზ ჩხეტიანი – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ალექსანდრე თევზაძე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და ვახტანგ ცაგარელი – ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორი.
შეხვედრების მონაწილეებს მიხეილ ჩხენკელმა დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და მისი განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელი: „ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბოსტონში. ვესტუმრეთ მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტს, ასევე ჯოსლინის ცენტრს, რომელიც აფილირებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან. ამერიკელ მეცნიერებს დეტალურად გავაცანით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი. ისინი დაინტერესდნენ ჩვენთან თანამშრომლობით და გამოთქვეს მზაობა, ჩაერთონ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ადრონული თერაპიის ცენტრის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში.
ხვალ მაქვს შეხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ერთი თვის წინ ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ქართველოლოგიის პროგრამა. პროგრამა დაიწყება თებერვალში და პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს. ხვალინდელ შეხვედრაზე ჩვენ ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელობასთან სწორედ ქართველოლოგიის პროგრამის დეტალებზე ვისაუბრებთ“.
შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ.
ნიკოლოზ ჩხეტიანი: „ადრონული თერაპია და კონკრეტულად პროტონების საშუალებით თერაპია საკმაოდ იშვიათი მოვლენაა მსოფლიოში. იმ რეგიონში, სადაც საქართველო იმყოფება, ჩვენ უკონკურენტონი ვართ იმ მხრივ, რომ უახლოესი ცენტრი ევროპის მასშტაბით ვენაშია განლაგებული, ხოლო სხვა ცენტრები – აღმოსავლეთ აზიაში. შესაბამისად, ის ცენტრი, რომელიც ქუთაისში შენდება, ამოავსებს დიდ შავ ლაქას მსოფლიო რუკაზე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ მეცნიერებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც ასწავლიან. ამჟამად ჩვენთან უკვე მუშაობს რამდენიმე გერმანელი პროფესორი მიუნხენის უნივერსიტეტიდან. თუმცა ჩვენ ვაღრმავებთ კავშირებს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან და, ვფიქრობ, ძალიან მალე ქუთაისში გვეყოლებიან ამერიკელი პროფესორებიც, რომლებიც ჩვენს სტუდენტებს თავიანთ ცოდნას გაუზიარებენ“.
შეხვედრების დროს ამერიკელმა მეცნიერებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩართვისათვის მზაობა გამოთქვეს.