საქართველოს პროფესიული განათლების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების პირველი ეტაპი დასრულდა. დაინტერესებულ მხარესთან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, მიმდინარე კვირიდან მისი პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები დაიწყო.
საჯარო კონსულტაციები ონლაინ ფორმატში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე – სამთავრობო უწყებები (როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე), საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები/დამსაქმებელთა გაერთიანებები და სექტორული ასოციაციები მიიღებენ. ასევე, დაგეგმილია ღია ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს.
საჯარო განხილვის შემდეგ, მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, საქართველოში პროფესიული განათლების 2021-2025 სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გადამუშავდება და წლის ბოლოსთვის დამტკიცება.
სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერითა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავა.
შემუშავების პროცესს წინ უძღოდა კვლევები და სიტუაციური ანალიზი. შესაბამისად, პირველად ვერსიაში ასახულია დამსაქმებლების/კერძო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ხედვა პროფესიული განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით.
ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად სტრატეგია ორიენტირებულია ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორებიცაა: ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის სწრაფი ცვლილება, მოთხოვნა ახალ პროფესიულ უნარებზე, დემოგრაფიული ცვლილებები, გლობალიზაცია, პანდემია, პოსტკოვიდური განვითარება და სხვ. გრძელვადიანი სტრატეგია შექმნის საფუძველს პროფესიული განათლების რეფორმის შემდგომი ეტაპისთვის.
იხილეთ საქართველოს პროფესიული განათლების 2021-2025 სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიები.
2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოგზავნოს თავისი მოსაზრებები და კომენტარები ელექტრონულ ფოსტაზე: vetstrategy@mes.gov.ge