საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსი გამოცხადდა
11.11.2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში როგორც ქართული მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას, ასევე,  ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას. ამასთან, კონკურსში მონაწილეობა დააახლოებს ახალგაზრდებს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.

კონკურსის ფარგლებში მოხდება ქართული ანბანის შესახებ ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსის წესით შეფასება და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომების (როგორც ესეს, ისე ვიდეორგოლის) გამოვლენა. აუცილებელია, რომ საკონკურსო ნამუშევრები შესრულებული იყოს ქართულ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს – უცხოეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის სკოლებში იღებენ განათლებას. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე (საქართველოს დროით) გაიმართება ონლაინ ტრენინგი, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. რეგისტრაციისათვის 11 ნოემბრიდან 12 ნოემბრის 24:00 საათამდე (საქართველოს დროით) გამოგზავნეთ შევსებული  ფორმა N2  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com.

გაცნობებთ, რომ 13 ნოემბერს მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგზე დასწრებისთვის შესაბამის ბმულს.

 

კონკურსის ვადები:

  1. საკონკურსო განაცხადებისა (იხ. ფორმა N1) და ნაშრომების მიღება დაიწყება 2021 წლის 11 ნოემბრიდან და 2021 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე (საქართველოს დროით) გაგრძელდება.
  2. განაცხადი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com
  3. საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების გამოვლენა და ავტორთა დაჯილდოება 2021 წლის დეკემბერს მოხდება.

 

საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:

  1. ნომინაცია საუკეთესო ესე – საკონკურსო თემა უნდა ეხებოდეს ქართულ ანბანს (წარმოშობა, ისტორია, სამეცნიერო თეორიები, განვითარების საფეხურები...) და წარმოაჩენდეს ავტორის შემოქმედებით უნარს, ავლენდეს დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას. მონაწილე უნდა იცავდეს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და წერდეს გამართულად. საკონკურსო ესე უნდა იყოს აკრეფილი შრიფტით Sylfaen (შრიფტის ზომა − 11, ინტერვალი − 1.5) არაუმეტეს ორი ნაბეჭდი გვერდისა. საკონკურსო ესეს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთოდეს საკონკურსო განაცხადი (ფორმა N1).
  2. ნომინაცია საუკეთესო ვიდეორგოლი – საკონკურსო თემა უნდა ეხებოდეს ქართულ ანბანს (წარმოშობა, ისტორია, სამეცნიერო თეორიები, განვითარების საფეხურები...) და წარმოაჩენდეს ავტორის შემოქმედებით უნარს, ავლენდეს დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას. მონაწილე უნდა იცავდეს თანამედროვე  ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და მეტყველებდეს გამართულად. ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. საკონკურსო ვიდეორგოლს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთოდეს საკონკურსო განაცხადი (ფორმა N1).

 

მნიშვნელოვანია, რომ ერთ კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ნომინაციაში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის სამახსოვრო საჩუქრებითა და ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ 1-წლიანი მომსახურების პაკეტებით: I ადგილის მფლობელები – 8-წიგნიანი პაკეტით, II და III ადგილის მფლობელები – 4-წიგნიანი პაკეტებით. საუკეთესო ნაშრომების ათეულის დანარჩენი წარმომადგენლები კი – 1-წიგნიანი პაკეტებით.

კონკურსის ფარგლებში ასევე იგეგმება საუკეთესო ესეების კრებულის გამოცემა.

მეცნიერების მხარდაჭერა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაციის ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სამინისტრო, „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში, არაერთ აქტივობას ახორციელებს, მათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, ლექციებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო ღონისძიებებს.