სოციალურად დაუცველი მოსწავლეები წიგნებს სკოლებში უფასოდ მიიღებენ
02.09.2010
დაიწყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სკოლებისათვის გადაცემის პროცესი. წიგნები პირველად იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის საჯარო სკოლებისთვის იგზავნება. სახელმძღვანელოების ტრანსპორტში ჩატვირთვის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

რესურსცენტრების წარმომადგენლებისა და საჯარო სკოლების დირექტორთა მიერ სახელმძღვანელოების გატანა ბელიაშვილის ქუჩის 5 ნომერში მდებარე მანეჟიდან, 2 სექტემბრიდან  14 სექტემბრის ჩათვლით, ორგანიზებულად განხორციელდება.

მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. წელს პირველად გახდა შესაძლებელი ყველა სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ მიიღოს. ამ პროგრამის განხორცილებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო.

წიგნები ყველა რეგიონის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მათ მოსწავლეები ადგილზე, თავ-თავიანთ სკოლებში მიიღებენ.

მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შესძლებენ.