ნუნუ მიცკევიჩმა ვიკიკონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა
24.12.2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ვიკიკონკურსების შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სამი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“ და „ქართული მეცნიერება უცხოენოვან (ინგლისურ) ვიკიპედიაში“ – გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და ქართული მეცნიერების შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით მსგავსი კონკურსების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვიკიკონკურსის ფარგლებში შექმნილი სტატიები განთავსებულია ვიკიპედიაში ქართულ და ინგლისურ ენებზე. შედეგად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მსოფლიო მასშტაბით აქვს შესაძლებლობა, მოიძიოს სანდრო წყაროზე დაფუძნებული კომპეტენტური ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

 

კონკურსის „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ ფარგლებში 58 სტატია შეიქმნა და 18 არსებული სტატია გაუმჯობესდა.

 

კონკურსის „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ ფარგლებში, ქართველოლოგიის დარგებისა და მათი მიღწევების შესახებ საუკეთესო ქართულენოვანი სტატიისთვის „რუსთველოლოგია“ I ადგილი იაკობ მახარაძემ დაიმსახურა. ქართველოლოგ მეცნიერთა შესახებ საუკეთესო ქართულენოვანი სტატიისთვის „გიორგი შარაშიძე“ ასევე I ადგილი მარიამ მახარაშვილს ერგო. II ადგილი აიღო იაკობ მახარაძემ სტატიისთვის „თედო სახოკია“. III ადგილი კი დიმიტრი იათაშვილმა დაიკავა სტატიისთვის „ფრანც ანტონ ფონ შიფნერი“.

 

ქართული ხელნაწერის შესახებ საუკეთესო ქართულენოვანი სტატიისთვის „ხეზე დაწერილი სვანური საბუთები“ I ადგილი ლუკა კარკაძემ დაიმსახურა. II ადგილი იოსებ სოსელიას ერგო სტატიისთვის „პავლე მოციქულის ეპისტოლეების ქართული ხელნაწერები“. III ადგილი აიღო ალექსანდრე ფოფხაძემ სტატიისთვის „სინური მრავალთავი“.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები – I ადგილის მფლობელებს 1000, მეორე ადგილზე გასულებს 800, ხოლო მესამე ადგილის მფლობელებს 500 ლარი გადაეცათ.

 

კონკურსში „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“ საქართველოს სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა და მათი მიღწევების შესახებ საუკეთესო ქართულენოვანი სტატიისთვის ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. ავტორი: იაკობ მახარაძე.

II ადგილი – პალეონტოლოგია. ავტორი: ალექსანდრე ფოფხაძე.

III ადგილი – სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი. ავტორი: გიორგი სოსელია.

ნომინაციაში – საუკეთესო ქართულენოვანი სტატია საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ გამარჯვებული სტატიებია:

I ადგილი – შალვა ნუცუბიძე. ავტორი იაკობ მახარაძე.

II ადგილი – ვალერი სილოგავა. ავტორი: ლუკა კარკაძე.

 

კონკურსში „ქართული მეცნიერება უცხოენოვან (ინგლისურ) ვიკიპედიაში“ გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

  • ნომინაციაში „საუკეთესო ინგლისურენოვანი სტატია ქართული ხელნაწერების შესახებ“ გამარჯვებულია სოფო ზაქარაია  სტატიისთვის „თბილისის კალიგრაფიული სკოლა“ („Calligraphy schools of Tbilisi“)
  • ნომინაციაში „საუკეთესო ინგლისურენოვანი სტატია ქართული სამეცნიერო დარგების მიღწევათა შესახებ“ გამარჯვებულია თაკო მამადაშვილი სტატიისთვის „ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი“ („Vladimer Chavchanidze Institute of Cybernetics“).
  • ნომინაციაში „საუკეთესო ინგლისურენოვანი სტატია საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ“ გამარჯვებულია მარიამ კვერნაძე სტატიისთვის „თინათინ გელაძე“ („Tinatin Geladze“).

 

ვიკიკონკურსების ჩატარება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო და ისინი მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში ჩატარდა.