სკოლის მასწავლებლობა თამარ კვინიკაძის ბავშვობის ოცნება იყო. მეორე კურსზე ოცნება აუხდა და უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ხაშურის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახდა. ამჟამად ქართულ ენას ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასწავლის და იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ქართულ გარემოსთან კიდევ უფრო მეტი შეხება ჰქონოდათ, საყვარელი სკოლები ერთმანეთთან დაამეგობრა.
„მასწავლებლობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, რისკენაც ჩემმა არაჩვეულებრივმა პედაგოგებმა მიბიძგეს ხაშურის 25-ე საშუალო სკოლიდან (ამჟამად მე-9 საჯარო სკოლა). სკოლის დასრულების შემდეგ, როდესაც ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მე-2 კურსიდან, 1990 წელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა ხაშურის სოფელ ხცისის საჯარო სკოლაში დავიწყე.
„ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამაში მონაწილეობა 2015 წელს გადავწყვიტე. მიყვარს სიახლეები და გამოწვევები. არა მხოლოდ საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა, არამედ იმის დამტკიცებაც, რომ საჭირო ვარ ზუსტად აქ და ახლა, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე.
კარწახის საჯარო სკოლაში პირველი შეხვედრისა და პირველი შთაბეჭდილების გულის სიღრმეში ძალიან მეშინოდა, თუმცა სკოლაში შესვლისთანავე გაუცხოების გრძნობა სრულიად გაქრა და მეგობრული გარემო, რაც დამხვდა, დღემდე მოგვყვება.
ისევე, როგორც ჩემს კოლეგებს, ბუნებრივია, მეც ძალიან მინდოდა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და ამიტომ უპირველეს ამოცანად დავისახე ჩემი ყოფილი სკოლის – ხცისისა და ახლანდლის – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლების დამეგობრება.
სკოლებს შორის შეხვედრა ჯერ სოფელ კარწახში, შემდეგ წელს კი სოფელ ხცისში შედგა. შეხვედრაზე ძალიან ბევრი გეგმა შევიმუშავეთ, როგორ გაგრძელებულიყო ორი სკოლის – ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების მეგობრობა. დავგეგმეთ ღონისძიებებიც, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა, რომ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით განგვემტკიცებინა ეს ურთიერთობა. ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის. ჩემი არაქართველი კოლეგისგან იცით რა იყო ყველაზე დიდი შეფასება?! – „თამარ, თქვენში საქართველოს ვხედავთ!“ ეს მარტო შეფასება კი არა, ნდობაც არის, რომელსაც გამართლება უნდა“, – იხსენებს პედაგოგი.
თამარ კვინიკაძე ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირებული მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდების შემოღებისთანავე, 2011 წელს გახდა. 2012 წელს მან I-VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარა. 2020 წელს წამყვანი მასწავლებელი გახდა, რასაც უდავოდ პროგრამისა და თავისი კოლეგების დამსახურებად მიიჩნევს.
„არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელობის თანადგომა და მხარდაჭერა, ჩვენი მიღწევების, წარმატების მუდმივად აღიარება, დახმარება საჭირო დროს. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა საკითხებზე სამსჯელოდ. პრობლემების გადაჭრის გზებსაც ერთად ვსახავთ და წარმატებასაც ერთობლივად ვიზიარებთ. მართლაც, საინტერესო და წარმატებული ადამიანების გარემოცვაში ვარ, რაც ნამდვილად საამაყოა,“ – ხაზს უსვამს პედაგოგი.
მნიშვნელოვანია, რომ ,,არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პედაგოგები არაქართველ კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარებიან.
თამარ კვინიკაძეს ამ კუთხითაც აქვს წარმატება. მისი ხელშეწყობით უფროსი მასწავლებლის სტატუსი რამდენიმე მასწავლებელს უკვე მიენიჭა, რომლებიც პროფესიულ განვითარებას კიდევ და კიდევ ცდილობენ. ის სკოლაში სახელმწიფო ენის კურსს ატარებს, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი მასწავლებელი ერთვება – არაქართველი კოლეგების სურვილია, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. თამარს უხარია, რომ შედეგი კარგი აქვთ.
პედაგოგი თავს ბედნიერად გრძნობს, რომ მისი მოსწავლეები ყოველწლიურად ქართულ უნივერსიტეტებში აბარებენ:
„იქიდან ამაყნი, თავდაჯერებულნი, მადლიერნი ბრუნდებიან. მერწმუნეთ, ეს მოქალაქეები მე დავტოვე საქართველოში. ჩემი მიზანია, ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა აქ, საქართველოში შევუნარჩუნო. მიხარია, რომ ზოგი სოფელს უბრუნდება, ზოგი თბილისში რჩება. მთავარია, აქ რჩებიან და ბევრისთვის მაგალითები არიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი იმისათვის, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა ისწავლონ სახელმწიფო ენა“.
პედაგოგი იხსენებს, რომ დისტანციური სწავლების პროცესი თავიდან რთული იყო, თუმცა თუ საქმე გიყვარს, გიყვარს ის ადამიანები, ვის გარემოცვაშიც ხარ და დაუძლეველი არაფერია.