„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა
15.03.2022

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოში მეცხრედ ტარდება. აღნიშნული კონკურსის ჩატარების მთავარ მიზანს თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

2022 წლის საკონკურსო თემა გახლავთ „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით (“Write a letter to an influential person about why and how to take action on climate change”)“.

კონკურსის ფარგლებში ყველა მონაწილე დაჯილდოვდება. მათ შორის, გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორის დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის  9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო  დღეს, ქალაქ ბერნში (შვეიცარია) გაიმართება.

„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა. მას შემდეგ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში ეროვნული ოპერატორები  ყოველწლიურად მართავენ კონკურსს, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოზარდი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ კონკურსებში გამოვლენილი გამარჯვებულები შეჯიბრს საერთაშორისო ასპარეზზე განაგრძობენ, სადაც გამარჯვებულ ქვეყანას „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური  გამოავლენს.

2022 წლის კონკურსში  მონაწილეობა 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ. მათ ნამუშევრის შექმნისას შემდეგი მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ:

  • სავალდებულოა, ნაშრომში შენარჩუნებული იყოს წერილის ფორმა.
  • სავალდებულოა, წერილი იწყებოდეს მისალმებით.
  • სავალდებულოა, მითითებული იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე, მიმღების მონაცემები.
  • სავალდებულოა, წერილი სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით.
  • სავალდებულოა, ნამუშევრის შინაარსი პასუხობდეს კონკურსის თემატიკას.
  • კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული.
  • სავალდებულოა, წერილში, სიტყვათა რაოდენობა არ აღემატებოდეს 1000 ერთეულს.
  • წერილი შესაძლებელია, შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე.
  • მონაწილე ვალდებულია, წარმოადგინოს, როგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. მან ელექტრონული ვერსიისა და მონაწილის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) უნდა გაგზავნოს მისამართზე: letter@gpost.ge
  • მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მიწოდების შემდგომ მოხდება მონაწილეობის მსურველის კონკურსში რეგისტრაცია. მნიშვნელოვანია, რომ წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მონაწილემ, უნდა წარმოადგინოს ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა.
  • აპლიკანტი ვალდებულია, ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილი იქნას შემდეგი წარწერა: „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 2022“. სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარი, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება.
  • კონკურსანტს შეუძლია, ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ან განათავსოს ნაშრომი „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო შემკრებ ყუთში. შეგახსენებთ, რომ მომსახურება უფასოა.
  • ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).
  • კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.
  • წერილის ავტორი აცხადებს თანხმობას, რომ საქართველოს ფოსტა:

დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და საჯაროდ გამოაქვეყნებს წერილის შინაარსს წერილის ავტორის დამატებითი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

საკონკურსო ნამუშევრების ელ.ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში მიღება 2022 წლის 2 მარტს დაიწყო და 2022 წლის 13 აპრილამდე გაგრძელდება.

ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

შპს „საქართველოს ფოსტა“

ქ. თბილისი, სადგურის მოედანი 2

0100 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2240909

ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge