სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მინიჭება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები

საქართველოს   მთავრობის 2022   წლის 19 აპრილის №206 დადგენილების შესაბამისად,  სსიპ – საქართველოს   ფიზიკური    აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა  ერთიანი   ეროვნული   გამოცდების   გავლის   გარეშე დასაშვებია    საქართველოს ეროვნული   ნაკრები  გუნდის  წევრებისათვის, რომლებიც    ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში,    აგრეთვე საჭადრაკო  ოლიმპიადებში  გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები.

ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;

გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის მოპოვების დამადასტურებელი საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის წერილი, რომელსაც უნდა ერთოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველის მიერ უშუალოდ შეჯიბრებაზე მიღწეულ შედეგთან მიმართებით − შეჯიბრების შედეგების ამსახველი მონაცემები ან ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ტიტულის მფლობელისთვის მიღებული მედლის ჩამორთმევისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველისთვის ტიტულის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი კორესპონდენცია/ინფორმაცია;

დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).