საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა თბილისში ახლად აშენებული 86-ე საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს დაიწყო ახალი სასწავლო წელი, რომელსაც მნიშვნელოვანი სიახლეებით ვეგებებით.
2022-2023 სასწავლო წლიდან ჩვენი მოსწავლეები საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შეისწავლიან, პირველკლასელთა სასწავლო პროგრამას კი დაემატა ჭადრაკი, როგორც სავალდებულო საგანი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ვიწყებთ გრანდიოზული პროექტის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას გულითადად მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო.“
თბილისის 86-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახლად აშენებულ შენობაში დაიწყეს. 650 მოსწავლეზე გათვლილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შიდა და გარე სპორტული მოედნები, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ნაწილობრივ გადახურული მრავალ ფუნქციური ტერასა და სარეკრეაციო სივრცე. შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
თბილისის 86-ე საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი, რომლის ღირებულება 9 816 126 ლარზე მეტია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით განახორციელა.
თბილისის 86-ე საჯარო სკოლის ისტორიული შენობა, რომელიც 1933 წელს აშენდა, სიძველის გამო რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ძველი შენობის ადგილზე ახალი სასკოლო კომპლექსის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
დღევანდელი მონაცემებით, სკოლაში 405 მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას და დასაქმებულია 41 თანამშრომელი, აქედან 28 მასწავლებელი. მათ შორის, 6 წამყვანი, 21 უფროსი, 1 კი მოწვეული მასწავლებელია.
სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიარდ ლარს შეადგენს.
პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.