საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (CESKO) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყანაში არჩევნების წარმატებით ჩატარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რაც გულისხმობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კუთხით მხარდაჭერას.
მოგეხსენებათ, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების – მოსწავლეების, სტუდენტების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, რომელიც ორიენტირებული იქნება საზოგადოებისა და ამომრჩევლის ინფორმირებაზე და მათი ცნობიერების ამაღლებაზე.