სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.
ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ტარიელ გუგავამ და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გახსნეს.
ტარიელ გუგავამ დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით ფორუმისა და მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ტარიელ გუგავა: „თანამედროვე, კონკურენტულ სამყაროში აუცილებელია ქვეყნის შრომით ბაზარზე მაღალკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მქონე კადრების მომზადება და მოზიდვა. ფორუმის ჩატარებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ღონისძიებაზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, ცენტრის კურსდამთავრებულები დეტალურად ეცნობიან დასაქმების ბაზრის სიახლეებსა და გამოწვევებს, ასევე, დასაქმების პლატფორმების მუშაობის სპეციფიკას. გარდა ამისა, უზიარებენ ერთმანეთს დასაქმებისა და კარიერული განვითარების საკითხებზე საკუთარ გამოცდილებას.”
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. მან ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღევანდელი ღონისძიება საუკეთესო მაგალითია სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობის. იმედი მაქვს, კურსდამთავრებულები შეძლებენ სასურველი სამუშაო პოზიციების შერჩევას და საკუთარი ცოდნით ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას. დასაქმების სახელმწიფო სააგენტო მუდმივად მზადაა, ხელი შეუწყოს ნებისმიერი მოქალაქის დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაზრდას“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმში სახელმწიფო და კერძო კომპანიები და ის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და შეძენილი ცოდნის რეალიზებას საქართველოში გეგმავენ.
დამსაქმებლებმა ფორუმზე წარმოადგინეს ვაკანტური მენეჯერული პოზიციები, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან, რომლებიც მიზნობრივად, კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციისა და ინტერესების შესაბამისად შეირჩა.
ფორუმის მონაწილე კურსდამთავრებულებმა, საქართველოს სახელმწიფოსა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, განათლება მიიღეს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: კოლუმბიის უნივერსიტეტი; ნიუ-იორკის უნივერსიტეტი; გლაზგოს უნივერსიტეტი; ბრისტოლის უნივერსიტეტი; მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი; ლუისის უნივერსიტეტი და სხვა.
დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმის მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი დასაქმების ხელშეწყობა.