ინგლისური ენის პედაგოგები გადამზადდნენ
11.09.2010
ახალი სასწვლო წლიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე სკოლაში ინგლისური ენის შესწავლა პირველივე კლასიდან დაიწყება. წარმატების შემთხვევაში, 2011 წლიდან ეს პროექტი ყველა სკოლაში გახორციელდება. სპეციალურად გადამზადნენ პედაგოგები, რომლებიც პირველკლასელებს უცხო ენას შეასწავლიან. 

საპილოტე სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებმა სასტუმრო-კომპლექსს ”ბაზალეთში” ორდღიანი ტრენინგი - ”ინგლისური ენის სწავლება დაწყებითი საფეხურის პირველ წელს” გაიარეს. ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეხვდა.

ტრენინგის ძირითადი თემები იყო დაწყებით საფეხურზე ენის სწავლების სტანდარტის განხილვა, ამ საფეხურზე თამაშების გამოყენების მნიშვნელობის განმარტება, მასწავლებელთა გზამკვლევისა და მასში აღწერილი მეთოდების წარდეგნა, მოსწავლის რვეულის ეფექტურად გამოყენების მაგალითების გაცნობა.

10-11 სექტემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, მესტიის, მცხეთისა და ქუთაისის უცხო ენის მასწავლებლები, რომლებიც საპილოტე პროგრამაში არიან ჩართულნი და ახალი სასწავლო წლიდან 3000 პირველკლასელს ინგლისური ენის სწავლების ახალ პროგრამას შესთავაზებენ.