სამინისტრომ შეწყალების კომისიას მიმართა
15.09.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტრომ შუამდგომლობით მიმართა შეწყალების კომისიას სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - ლევან დუმბაძის, მერაბ მინდელის და რატი დარბაიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს გამართული ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სამივე არასრულწლოვანმა ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი.

სამინისტრო აცნობიერებს განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და შემდგომი რეინტეგრაციის პროცესში და მიიჩნევს რომ ამ მსჯავრდებულების გათავისუფლებით და უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობით, მათი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლება და ისინი საზოგადოებას დაუბრუნდებიან სრულყოფილ წევრებად.

ასევე მნიშვნელოვანია, მოტივაციის გაზრდა და განათლების მიღებისადმი ინტერესის გაღვივება იმ მსჯავრდებულებში, რომლებიც არ არიან ჩართული სასწავლო პროცესში.