უცხოელი პედაგოგების ახალი ჯგუფი ჩამოვიდა
15.09.2010
გრძელდება  პროგრამის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, უცხოელ პედაგოგთა საქართველოში ჩამოსვლის პროცესი. ტრადიციულად,  მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები საერთაშორისო აეროპორტშივე ხვდებიან. ამჯერად, მორიგ 50 კაციან ჯგუფს მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დახვდა. 

15 სექტემბერს ჩამოსული ინგლისური ენის მასწავლებლები თბილისის სკოლებში გადანაწილდებიან,  რამდენიმედღიანი ტრენინგის გავლის შემდეგ კი, ქართველ პედაგოგებთან ერთად,  ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლებას შეუდგებიან.

საქართველოში ჩამოსული ყველა პედაგოგი მაღალი კვალიფიკაციის მქონეა და  როგორც თავად აცხადებენ, კარგად აქვთ გააზრებული პროექტის მნიშვნელობა. ჩამოსულთაგან ბევრი ქართული ენის შესწავლითაც დაინტერესდა და ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს. უცხოელი პედაგოგები დიდ ინტერესს იჩენენ ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ხალხური ტრადიციების გაცნობის კუთხით.