ზვიად გაბისონიამ გორის სამეცნიერო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
26.09.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერების ფესტივალს უმასპინძლა, რომლის მიზანს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია და კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის გაზრდა წარმოადგენს.

ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ. მან ახალგაზრდებს ფესტივალის გახსნა მიულოცა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფესტივალის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.

სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ქალაქ გორში წარმოდგენილი იყო 22 პავილიონი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინოვაციურ აქტივობაში: სახალისო ფიზიკაში, ქიმიაში, რობოტექნიკაში, იმიტირებულ არქეოლოგიურ ველში, რძის წარმოებასა და მეფუტკრეობაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარდგენილი იყო „Horizon Europe“-ის მრავალფეროვანი აქტივობები.

მეცნიერების ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით 17 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და 10 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, ღია ლექციები და საჯარო დისკუსიები. ახალგაზრდებისთვის მოეწყობა ინტერაქტიული გამოფენები და ექსპერიმენტები, ასევე სტარტაპებისა და ინოვატორების პრეზენტაციები.