ბაია კვიციანმა COST-ის სამეცნიერო კომიტეტის სხდომა გახსნა
25.11.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სამეცნიერო კომიტეტის სხდომა გახსნა.

COST-ის ასოციაციის სამეცნიერო კომიტეტმა წელს სხდომა საქართველოში გამართა, რომელშიც COST-ის წევრი  41  სახელმწიფოს დელეგატი  მონაწილეობს.

ბაია კვიციანმა  სიტყვით გამოსვლისას საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

სხდომის ფარგლებში COST-ის სამეცნიერო კომიტეტის დელეგატებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობისა და საქართველოში მეცნიერების მხარდამჭერი პროგრამების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. ასევე ქართველმა მკვლევრებმა COST-ის სამეცნიერო კომიტეტის დელეგატებს  სახელმწიფოს მიერ კონკურსის წესით დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციები წარუდგინეს.

საქართველო 2022 წლიდან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრია.  შედეგად, ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობა აქვთ, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება.