
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ჯანდაცვის საკითხები მიკრობიოლოგიაში“, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.
კონფერენცია გამოჩენილი ქართველი მიკრობიოლოგის თამაზ კერესელიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ქართველი მეცნიერების ჩართულობა გლობალურ კვლევით პროცესებში.
ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში თამაზ კერესელიძის წვლილზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა, იმ ინიციატივებსა და სიახლეებზე, რომელსაც სამინისტრო კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ექიმები და მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა თემატური ლექციები და გაიმართა სამეცნიერო პრეზენტაციები, დისკუსიები გლობალური და რეგიონული მიკრობიოლოგიის აქტუალურ თემებზე.
საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია მსოფლიო ანტიმიკრობული ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.