
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისში პირველი ლიტერატურული ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება ახალგაზრდა თაობის ჩართულობისა და მათი ხელოვნებისადმი დაინტერესების თვალსაზრისით.
საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, ლიტერატურათმცოდნეებმა, მთარგმნელებმა, მწერლებმა, პოეტებმა და გამომცემლობებმა როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან, ავსტრიიდან და იაპონიიდან.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, ქუთაისმა იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსი მოიპოვა. სწორედ აღნიშნული სტატუსის ფარგლებში დაფუძნდა ქუთაისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც კულტურათაშორის დიალოგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სამდღიანი ღონისძიება აერთიანებს როგორც სექციურ დისკუსიებს, ასევე წიგნების წარდგინებას, სამუშაო შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს. ფესტივალი მოიცავს აქტუალურ ლიტერატურულ-კულტურულ თემებს.
ფესტივალის ფარგლებში, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში მოეწყო გამოფენა ,,ქართული წიგნის ილუსტრაცია”, სადაც წარმოდგენილი იყო ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის კოლექციებიდან.
მომდევნო დღეებში ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართება გამოფენა ,,ქუთაისური ფოლიანტები”, X-XIX სს. ძველი ქართული და აღმოსავლური ხელნაწერები მუზეუმის კოლექციებიდან.