
STEAM პროექტების ეროვნული კონკურსი „მომავლის საქართველო“ დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე სკოლის გუნდებმა დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის მასშტაბით შერჩეული და გამარჯვებული 30 საუკეთესო პროექტი წარუდგინეს.
ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა შესაბამისი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას STEAM მიმართულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამარჯვებულებს მიღწეული წარმატებები მიულოცა. მისი თქმით, აღნიშნული კონკურსი არის ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის ნათელი მაგალითი.
ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველოს“ შესარჩევი ტური მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წლის ივნისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. მასში ზოგადი განათლების სამივე საფეხურის 150-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
კონკურსის მონაწილე სკოლების ნამუშევრები წინასწარ გაწერილი ოთხი ძირითადი კომპონენტის – პროექტის გეგმა, მოდელი, ესე და შემაჯამებელი ვიდეორგოლის მიხედვით შეფასდა. პროექტის მომზადებისთვის თითოეულმა სკოლამ I2Q პროექტისგან 500-ლარიანი დაფინანსება მიიღო. კონკურსის ფინალში საბოლოოდ 30 სკოლა გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული კონკურსის - „მომავლის საქართველო“ მიზანია STEAM საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერება.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის პილოტირება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ეტაპობრივად 200 სკოლაში დაიწყო, სადაც შეიქმნა STEAM ლაბორატორიები, გადამზადნენ მასწავლებლები და მოხდა სკოლების საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა.