სასაწავლო გემს ,,აკადემია’’ რეაბილიტაცია ჩაუტარდა
18.09.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რეაბილიტირებული სასაწავლო გემი ,,აკადემია’’ მოინახულეს.  გემი სასწავლებელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2010 წლის თებერვალში უსასყიდლოდ გადასცა. გემის რეაბილიტაციისათვის  სამინისტრომ  50 000  ლარი გამოყო.  ამ თანხით მნიშვნელოვანი აღდგენითი და აღჭურვის სამუშაოები განხორციელდა.

სასწავლო გემის გადაცემამდე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულები მხოლოდ სასწავლო დიპლომს იღებდნენ და სხვადასხვა გემებზე უხდებოდათ პრაქტიკული გამოცდილების დაუფლება.  ამიერიდან კი, სტუდენტები საკუთარ გემზე გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას  და ექვსთვიანი კურსის დასრულების შემდეგ, მეზღვაური, პირველად საზღვაო აკადემიის ისტორიაში, ე.წ. სამუშაო დიპლომსაც მიიღებს.

გემზე მომავალი მეზღვაურები პრაქტიკულ მეცადინეობას შემდეგ სპეციალობებში გადიან: გემთწამყვანობა, გემთმექანიკოსობა და ელექტრომექანიკოსობა, რაც საერთაშორისო საზღვაო კონვენციის მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებს.

ამ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კრუინგულ კომპანიებში 5000 ქართველი მეზღვაურია დასაქმებული.