რამდენიმე ქალაქში მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაცია დაიწყო
21.09.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ბრიფინგი გამართეს.

”მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის” თანახმად,  დამწყებ მასწავლებლებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება შესაბამისი კვალიფიკაციით,  შეუძლიათ, რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს და ჩაერთონ მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში ხორციელდება. რეგისტრირებული მაძიებლები შეირჩევიან სკოლის შესარჩევი კომისიების მიერ. მაძიებლობის 1-წლიანი პერიოდის გავლის შემდეგ, მათ უფლება აქვთ გაიარონ სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვონ მასწავლებლობის უფლება.

2010-2011 სასწავლო წელს მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა  განხორციელდება ქ. თბილისის, ქ. გორის, ქ. თელავის, ქ. ახალციხის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებში, შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენები - ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში მაძიებელთა რეგისტრაცია 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.