სამუშაო შეხვედრა ცეკვის გაკვეთილების შემოღებასთან დაკავშირებით
24.09.2010
საქართველოს პრეზიდენტის  ინიციატივით,  სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოდის.  ახალი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ისეთ პროფესიონალებთან, როგორებიც არიან: ნაციონალური ბალეტის -  ანსამბლ ”სუხიშვილების”, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ”ერისიონის”,  ანსამბლ ”რუსთავის”  ხელმძღვანელები და სხვა ცნობილი სახელმწიფო ცეკვის ანსამბლების წარმომადგენლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს  თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სკოლებში ცეკვის გაკვეთილების დანერგვა, როგორ წარიმართება სწავლების პროცესი, ვინ ასწავლის და რა რესურსები იქნება ამისთვის გამოყენებული. ეს ის დეტალებია, სადაც პირველ რიგში, პროფესიონალთა მოსაზრებებია გასათვალისწინებელი. 

კონსულტაციები ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება.  გარდა დარგის სპეციალისტებისა, სამუშაო პროცესში ჩართულნი იქნებიან სამინისტროს  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, დაინტერესებული პირები,  გათვალისწინებული იქნება ყველა  კომპეტენტური მოსაზრება.

სკოლებში შემოვა როგორც ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური ცეკვების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის სწავლება.  ეს სიახლე პილოტირებას ჯერ რამდენიმე სკოლაში გაივლის  და შემდეგ ყველა სკოლაში დაინერგება.