პროფესიული მასწავლებლებისთვის იტალიაში დაგეგმილ საზაფხულო სასწავლო კურსზე განაცხადების მიღება იწყება
08.06.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პროფესიული მასწავლებლებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევიან მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ მილანში (იტალია), ბურგოს მოდის ინსტიტუტში (ISTITUTO DI MODA BURGO S.r.l.) დაგეგმილ საზაფხულო სასწავლო კურსში - ბრძანება.

საზაფხულო კურსის ხანგრძლივობაა 4 კვირა (6.07.2026 – 30.07.2026).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული განათლების ყველა მასწავლებელს, რომელიც ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის „მოდის ტექნოლოგია და დიზაინი“ (SA 07.9.1) ფარგლებში შემუშავებული პროფესიული პროგრამის დარგობრივ პროფესიულ მოდულ(ებ)ს და ფლობს ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე.

განაცხადების მიღების ვადები: 08.06.2026 – 14.06.2026

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შევსებული განაცხადი; 
  • რეპლიკაციის აქტივობების გეგმა;
  • აპლიკანტის დამსაქმებელი დაწესებულების ხელმძღვანელის/ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ სარეკომენდაციო წერილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის - eFlow-ს საშუალებით არაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 ივნისისა.

კურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://imb.it/en/summer-fashion-courses/