40 კურსდამთავრებული ახალ საწარმოში დასაქმდა
25.09.2010
თბილისის  პროფესიული სწავლების ცენტრის ორმოცი კურსდამთავრებული ახლადგახსნილ საწარმო  ,,სამკერვალო სახლში’’ დასაქმდა. სასწავლებლის წელიწადნახევრიანი სამკერვალო სწავლების კურსის  დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებმა მკერავის პროფესიის დამადასტურებელი დიპლომები მიიღეს.  საწარმოში დასაქმების შემდეგ მათ 500 ლარიანი ანაზღაურება დაენიშნათ. პროფესიული სწავლების ცენტრში სწავლება უფასოა, სწავლის საფასურს  სახელმწიფო იხდის, ჩარიცხვა  შიდა გასაუბრების საფუძველზე ხდება. 

,,მნიშვნელოვანია, რომ  პროფესიული სასწავლებლები დროის მცირე მონაკვეთში კვალიფიციურ კადრებს ამზადებენ, რომელთა მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ დიდია. სწორედ ამის მაგალითია ახლადგახსნილ საწარმოში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებაზე თბილისის პროფესიული სწავლების კურსდამთავრებულების დასაქმება’’  - აღნიშნა ,,სამკერვალო სახლში’’ მისულმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

თანამშრომლობა  ,,სამკერვალო სახლსა’’ და თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრს შორის  მომავალშიც გაგრძელდება, რაც კურსდამთავრებულების დასაქმებაში გამოიხატება.

პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრდებით დაინტერესება იზრდება.  საქართველოს მასშტაბით მოქმედი პროფესიული სასწავლებლების ასობით სტუდენტია დასაქმებული სხვადასხვა პროფილის საწარმოებსა და კერძო კომპანიებში.