საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებულ პროექტს ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ტელეკომპანია ”ალჯაზირამ” სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა. ავტორმა უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანას ”ლინგვისტური რევოლუცია” უწოდა და უცხოელ მაყურებელს დეტალურად განუმარტა, რომ ბავშვებისთვის ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლება ქვეყანას საბჭოური წარსულისგან საბოლოოდ გაათავისუფლებს.
ტელეკომპანია საქართველოს მთავრობის მიდგომაზეც საუბრობს. კერძოდ იმაზე, რომ პროექტი აპოლიტიკურია - ესაა დასავლური ღირებულებებისკენ ტრანზიციის საშუალება. ამიტომ, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ქვეყანად აქციოს, რადგან ინგლისური ენა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოში გზის გასაკვლევად.
ტელეკომპანიასთან ინტერვიუში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს: ”საქართველოს პრეზიდენტი ხშირად ამბობს, რომ რუსულ აგრესიაზე ჩვენი პასუხი არის რეფორმები და განათლება. ჩვენ არ გვაქვს გაზი და სხვა ბუნებრიუვი რესურსები, თუმცა, ჩვენი სიმდიდრე ინტელექტუალური პოტენციალია”.