საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის
სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სარევიზიო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია "ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის" კახეთის საცდელი სადგურის დირექტორი გიორგი ბოლღაშვილი და ამავე დაწესებულების მთავარი ბუღალტერი გელა ჯანიაშვილი. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით.
დაკავებული სახელმწიფო მოხელეები ინსტიტუტის წესდებით განსაზღვრული სამეცნიერო საქმიანობის ნაცვლად, წლების განმავლობაში ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას იყენებდნენ პირადი ინტერესებისთვის, მოჰყავდათ სხვადასხვა დასახელების სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ახდენდნენ მის რეალიზაციას და ამონაგებ თანხებს ითვისებდნენ.
დანაშაულებრივი კვალის დაფარვის მიზნით კი, გ. ბოლღაშვილი და გ. ჯანიაშვილი ზემოხსენებულ სამეურნეო-საფინანსო ოპერაციებს აფორმებდნენ ფიქტიურად. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ
მათ მიერ
მითვისებული და გაფლანგულია 2.100.000 ლარის სახელმწიფო ქონება. ამასთან გიორგი ბოლღაშვილმა განახორციელა თანხის უდიდესი ნაწილის ლეგალიზაცია - შესყიდულია სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ობიექტი.
"ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის" კახეთის საცდელი სადგურის დირექტორს გიორგი ბოლღაშვილს და ამავე დაწესებულების მთავარ ბუღალტერს გელა ჯანიაშვილს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 210-ე მუხლების გათვალისწინებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბოლღაშვილს და
გელა ჯანიაშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.