გივი მიქანაძემ სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ რობერტო პეტისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტს შორის განათლების და მეცნიერების სფეროებში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
გივი მიქანაძემ პროფესორ რობერტო პეტის საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ ინიციატივებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ხორციელდება.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.
პროფესორი რობერტო პეტი საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. მისი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოს ექსპერიმენტის (DUNE) კონცეფციის განვითარებაში, დეტექტორის შესაძლებლობების შეფასებასა და მაღალი სიზუსტით გაზომვების მეთოდოლოგიის შემუშავებაში.