საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა ელჩმა ვერნერ ვნენდტმა საზეიმო ვითარებაში თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა გახსნეს.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ინტერკულტურული დიალოგის სკოლას წარმოადგენს. გერმანელი მასწავლებლები ბავშვებს გერმანულ ენაზე თიურინგიის ფედერალური მხარის სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლიან; ქართველი მასწავლებლები - ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას.
გერმანული ენის პარალელურად, მოსწავლეები პირველივე კლასიდან შეისწავლიან ინგლისურ ენასაც, მაღალ კლასებში დაემატებათ სხვა მსოფლიო ენები (მაგ. რუსული, ან ფრანგული), რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემთ მზად იყვნენ მსოფლიო გამოწვევებისთვის.
გერმანული სკოლის კურსდამთავრებულები საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს მიიღებენ. ბავშვებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ ჩრდილოეთ ამერიკისა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში მიეცემათ.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეების ერთი ნაწილი გერმანულ-ქართული ოჯახებიდანაა და ორენოვან გარემოში იზრდება. ნაწილი საქართველოში წარმოგზავნილი გერმანულ ორგანიზაციებში დროებით მომუშავე თანამშრომლების შვილები არიან. სკოლაში ასევე სწავლობენ ისეთი ქართველი ბავშვები, რომლებსაც გერმანიასთან კავშირი არა აქვთ და მათ არჩევანში გადამწყვეტი როლი გერმანიის განათლების სისტემის ავტორიტეტმა ითამაშა.
საწყის ეტაპზე სკოლის დირექტორი ანდრე ბეტცი და მისი გუნდი ზიგფრიდ მეშედეს ხელშეწყობით იმუშავებს, რომელიც წლების განმავლობაში ინდოეთსა და ჩინეთში გერმანული სკოლის დირექტორი იყო. გერმანულ საერთაშორისო სკოლაში დაწყებითი სკოლის პირველი კლასის გარდა, საბავშვო ბაღი და მოსამზადებელი ჯგუფიც ფუნქციონირებს.