თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
05.10.2010
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წმინდა კეთილმსახური  მეფის  თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ახლი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 

2010 წელს, სკოლა-პანსიონი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით  დაფუძნდა და  მეურვეობას თავად კათოლიკოს -პატრიარქი უწევს. სკოლას  დეკანოზი მირიან სამხარაზე ხელმძღვანელობს, რომელიც წლების განმავლობაში ხულოში ტბელ აბუსერიძის სახელობის გიმნაზიაში მოღვაწეობდა.

სკოლა-პანსიონში, სადაც 400 ბავშვი  სწავლობს,  სწავლა ეროვნული სასწავლო გეგმით მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულია ასევე დავიწყებას მიცემული ძველი ქართული სახელოვნებო და სახელობო სწავლება. ვაჟებისთვის – ოქრომჭედლობა, ხესა და  ქვაზე კვეთა,  ხოლო გოგონებისთვის ხელსაქმე. გარდა ამისა მუსიკა, მათ შორის, ქართული  ფოლკლორი და სპორტი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, სკოლა-პანსიონში მოსწავლეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა მეცნიერებებს,  ერის კულტურას,  ხელობასა და ხელსაქმეს დაეუფლონ.

სკოლა-პანსიონში, სადაც ინფრასტრუქტურა მთლიანად გამართულია, 2011 წლის ზაფხულში საზაფხულო სკოლები გაიხსნება, სადაც  თურქეთში, ირანსა და საინგილოში მცხოვრები ბავშვები ისწავლიან.