ქუთაისის 7 სკოლაში მანდატურები შევიდნენ
06.10.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის №1 საჯარო  სკოლაში  მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინეს.

ქუთაისის №1 საჯარო სკოლის პარალელურად, მანდატურები №2, № 3, №7, №9, №17 და №41  სკოლებშიც  შევიდნენ. ისინი ეტაპობობრივად ქუთაისის ყველა საჯარო სკოლას მოიცავენ. სკოლის მანდატურებმა, რომელთაც დანაშაულის პრევენცია და სკოლის უსაფრთხოების საკითხებზე რეაგირება ევალებათ, ქუთაისის სკოლებში შესვლისას ფიცი დადეს.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის და ბათუმის საჯარო სკოლებში  შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედდება ზუგდიდის, გორის და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში. სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა პოლიციის აკადემიაში. ისინი სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

სპეციალური ფორმითა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვილი მანდატურები საგანგებოდ მათთვის  გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.