2011-2016 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
11.10.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა  2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე მუშაობა დაასრულა.  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ  სასტუმრო რედისონში სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლების ექსპერტები, სამეცნიერო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეტაპობრივად დაინერგება. 2011-2012 სასწავლო წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლის პირველ საფეხურზე (დაწყებითი: I-VI კლასი) ამოქმედდება, ხოლო 2012-2013 სასწავლო წელს  კი მეორე საფეხურზე (საბაზო და საშუალო: VII-XII კლასი).

შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა,  ცვლილებები შევიდა საგნობრივ პროგრამებში, ყოველ საგანში გათვალისწინებულია  შინაარსის სულ მცირე  60%-დან 80%-მდე  სავალდებულო ნაწილი, შემოვიდა ახალი საგნები, კერძოდ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,  სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება,  ცეკვა. დაიწყო  ახალი საგნის ”მსოფლიო კულტურის” პილოტირება,  2011 წლიდან მოხდება ამ საგნის  ყველა სკოლაში დანერგვა. ასევე, გაძლიერდა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის სწავლება, გაიზარდა არჩევითი საგნების ჩამონათვალი და სხვ.

სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, პროექტზე მუშაობდნენ სამეცნიერო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები; შექმნილი იყო საგნობრივი სამუშაო ჯგუფები, გაერთიანებული საგნობრივი კომისიები და მეთოდური საბჭო; სხვადასხვა ჯგუფებში მუშაობდა 150-მდე ადამიანი.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას საფუძვლად უდევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო ტრადიციები. სასწავლო გეგმა მიზნად ისახავს ისეთი პროგრამების შექმნას, რომელთა თანამედროვე, მეთოდურად სწორი სწავლების შედეგად, ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ თანამედროვე ეპოქისთვის საჭირო ზოგად განათლებასა და უნარ-ჩვევებს.