საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო კორპუსი აშენდა. შედეგად, გაიზარდა პირველკლასელთა რაოდენობა და აღნიშნულ სკოლაში სწავლის მსურველთა მოთხოვნაც დაკმაყოფილდა.
ახალი კორპუსის მშენებლობა 1 ივნისს დაიწყო და 4 ოქტომბერს დასრულდა. ერთსართულიანი სკოლა 1076 კვ.მ-ზეა გაშენებული, სადაც განთავსებულია თორმეტი, მათ შორის ცხრა საკლასო ოთახი.
უნიკალური შენობა საქართველოში ერთადერთი საჯარო დაწესებულებაა, რომელსაც მწვანესაფარიანი გადახურვა აქვს ცოცხალი გამწვანებითა და ხე-მცენარეებით. სახურავზე გაშენებულია ზეთისხილის, ბროწეულისა და ბზის ბაღი.
შენობაში ამჟამად 283 დაწყებითი კლასის მოსწავლე სწავლობს. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელები ცალკე შენობაში ისწავლიან.
გარდა იმისა, რომ ახალ შნობაში 4 სამეთვალყურეო კამერაა დამონტაჟებული, მოსწავლეების უსაფრთხოებაზე მანდატურები ზრუნავენ.
სკოლა ქართველმა ნიჭიერმა არქიტექტორმა ირაკლი შარაშიძემ და ამერიკელმა არქიტექტორმა სტივენ დენკენ ბერგერმა დააპროექტეს. მშენებლობა სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში განახორციელა.
პირველი ექსპერიმენტალური საპილოტე სკოლაა, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით ყველა პირველკლასელ მოსწავლეს ნეტბუკები დაურიგდათ, შესაბამისად, გადამზადნენ პედაგოგებიც.
სპეციალურად 3000 ცალი ნეტბუქი, თანამედროვე საბავშვო კომპიუტერი, კომპანია INTEL-თან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სკოლებისთვის დამზადდა.
თანამედროვე საბავშვო კომპიუტერში ჩატვირთულია სასწავლო პროგრამები უცხო ენაში, ქართულში, მათემატიკასა და ლოგიკაში. ასევე, სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები და სასწავლო-შემეცნებითი თამაშები. ნეტბუქი სრულფასოვანი ლიცენზირებული ოპერატიული სისტემითაა აღჭურვილი.
მომავალი სასწავლო წლიდან ,,ნეტბუკებს’’ საჩუქრად ყველა პირველკასელი მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ასი ათასს კომპუიტერს შეიძენს. პარალელურად შეიქმნა ვებ-გვერდი www.buki.ge, რომლითაც სარგებლობა პირველკლასელების გარდა ყველა მოსწავლეს შეუძლია. ვებ-გვერდი სასწავლო-შემეცნებითი შინაარსისაა, სადაც სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშები, ელექტრონული ბიბლიოთეკა, უახლესი ინფორმაციაა ატვირთულია, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ასევე სკოლებში მიმდინარე სიახლეებზე. გარდა ამისა, სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები.
ექსპერიმენტულ სკოლაში 2183 მოსწავლე და 135 პედაგოგია. სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. სკოლას გასულ სასწავლო წელს 13 ოქროს და 20 ვერცხლის მედალოსანი ჰყავდა, კურსდამთავრებულთაგან 95% სტუდენტი გახდა. მათგან დაფინანსება ყველა მათგანმა მოიპოვა, მათ შორის რამდენიმემ 100%-იანი.