ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა
20.10.2010

კონფერენციას ,,საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: საზოგადოების როლი’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მინისტრმა დამსწრეებს მოხსენება თემაზე ,,ინვესტირების განხორციელება საქართველოს ადამიანურ კაპიტალში’’ წარუდგინა.

,,ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ევროპულ სტანდარტებთან განათლების სისტემის მიახლოება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ,  სფეროს მოდერნიზაციისთვის უდიდესი რესურსი იხარჯება. აუცილებელია, ახალგაზრდებს მივცეთ საერთაშორისო დონის განათლება, რათა მათ გლობალიზაციის პროცესში შეძლონ თანამედროვე გამოწვევების მიღება.’’-აღნიშნა გამოსვლისას დიმიტრი შაშკინმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ და მოხსენებით გამოვიდნენ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი დეიმონ ვილსონი, ამერიკის განვითარების სააგენტოს USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კავკასიის რეგიონში  იოაკიმ პარკერი, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი, საფრანგეთისა და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, საერთაშორისო ექსპერტები.

დამსწრე საზოგადოებამ ასევე იმსჯელა შემდეგ თემებზე: ,,გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფონზე’’, ,,აშშ-სა და ევროპის პოლიტიკის კოორდინირება საქართველოსთან მიმართებაში’’, ,,რეგიონული თანამშრომლობის/სტაბილურობის მხარდაჭერა’’, ,,2008 წლის აგვისტოს შემდგომი სტატუსკვო: გამოწვევები და პერსპექტივები.’’