კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს უცხოელ პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ეწვია
23.10.2010
პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში ჩამოსულ 100-მდე ინგლისურენოვან  მასწავლებელს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრმა უმასპინძლა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე მონაწილეობდა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პედაგოგები  თავდაპირველად ცენტრის საქმიანობით დაინტერესდნენ, პრაქტიკულ მეცადინოებებს დაესწრნენ და თავადაც მიიღეს მონაწილეობა პურის ცხობაში, თათარის მოდუღებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.

კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი მრავალპროფილიანია, რამდენიმე სპეცილობასთან ერთად სასწავლებელში ფერმერის, მეღვინე-მევენახის, სამკურნალო მცენარეების მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების ოსტატის, დურგალ-მეავეჯის პროფესიებსაც ეუფლებიან. სტუდენტთა პრაქტიკული სამუშაოებისთვის ცენტრში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს.  

ღია ცის ქვეშ  მოწყობილმა  ამ კუთხისთვის დამახასიათებელმა ტრადიციულმა ქართულმა სანახაობამ სტუმართა დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც თავად აღნიშნეს საქართველოში  მათი მოღვაწეობა ორმხრივ სასარგებლოა, ისინი მდიდარი ტრადიციების მქონე  ქვეყნის მოზარდებს ინგლისური ენის ცოდნის გაღმავებაში ეხმარებიან და თავადაც ეცნობიან  აქამდე მათთვის ნაკლებადცნობილი ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურას.