აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება
26.10.2010
აკაკი წერეთლის ნაწარმოებების საჯარო კითხვა სახელწოდებით - ”ერთად ვკითხულობთ აკაკის” ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეულის ფარგლებში  გაიმართა.  საჯარო კითხვაში  უნივერსიტეტის სტუდენტები  და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. უდიდესი პოეტისა და მწერლის შემოქმედებაზე და მისი, როგორც საზოგადო მოღვაწის  ღვაწლზე ისაუბრეს პროფესორ-მასწავლებლებმა და ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. გაიმართა მგოსნის ხმის ჩანაწერისა და აკაკი წერეთელზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის დემონსტრირება.  

აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა. კვირეული წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს ბევრ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებაში. დაიგეგმა და ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები:  კონფერენციები, თხზულებებისა და ნახატების კონკურსები, თეატრალური წარმოდგენები და აკაკის სახლ-მუზეუმში ექსკურსიები.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.