სამოქალაქო განათლების ფარგლებში მინისტრები №123 სკოლას ეწვივნენ
05.11.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ  თბილისის №123 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ანიმაციური ფილმი „ბოცო და გვანცა“ წარუდგინეს. ინფორმაციულ-შემეცნებითი ხასიათის ფილმი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით შეიქმნა და მიზნად ისახავს მოზარდი თაობის ინფორმირებას ბიომრავალფეროვნების  სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობაა. მოსახლეობის გარემოსდაცვით განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ეკოლოგიური უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.

ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, რომელშიც გარემოს დაცვაც მოიაზრება მოსწავლეებს ახალი საგანი სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება დაეხმარება. აღნიშნული დისციპლინა წელს პირველად შევიდა სკოლებში. სასწავლო პროგრამის შემუშავებაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილების ცხრილი გადასცეს გარემოსდაცვითი სლოგანით, რომელიც  სპეციალურად   „ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლის“ ფარგლებში დაიბეჭდა.