გამწვანების აქციაში უცხოელი პედაგოგები ჩაერთნენ
06.11.2010

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე აქციაში  - „ დარგე   ხე,    გაამწვანე თბილისი“ ამჯერად, პროგრამის -”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული უცხოელი  პედაგოგებიც ჩაერთნენ.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა 100-მდე ინგლისურენოვანმა მასწავლებელმა მიიღო. მათ იფანისა და ნეკერჩხლის 400 ძირი ხე თბილისის ზღვის  ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს. უცხოელებთან ერთად აქციაში საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც მონაწილეობდა.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე აქციის  მონაწილეთა განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ანალოგიური ღონისძიებების მხარდაჭერა, რადგან ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა წამყვან ქვეყანაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  სტუმრებმა კმაყოფილება გამოთქვეს  შესაძლებლობისთვის თავადაც  ჩართულიყვნენ ამ აქციაში და თავიანთი წვლილი შეეტანათ გარემოს გამწვანებაში.