საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ახლადგახსნილი სკოლა დაათვალიერეს. სოფელი შამგონა მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეულ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი კუნძულია. შამგონა ესაზღვრება გალის რაიონის სოფლებს სიდასა და თაგილონს. ძველი სკოლა 1919 წლიდან ფუნქციონირებდა, რომელიც სიძველის გამო ექსპლუატაციისთვის უვარგისი იყო.
შამგონას საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. სკოლის მშენებლობაზე 900 600 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოსაზღვრე სკოლის მშენებლობისას ქართველ მშენებლებს ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად უხდებოდათ სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
სკოლა მთლიანად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, სკოლას აქვს ახალი სასკოლო ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახები, კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, 16 კომპიუტერისგან აღჭურვილი ინფორმაციული ტექნოლოგიების ოთახი, ბიბლიოთეკა, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორია.
პროგრამა „ალუმნაის’ ფარგლებში 1983 წლის კურსადამთავრებულმა ჯიმშერ ღურწკაიამ, რომელიც ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში, სკოლას გადასცა უნიკალური ფიზიკის ლაბორატორია. მისივე, დაფინანსებით სკოლის ფიზიკის მასწავლებელი გადამზადებას გაივლის გერმანიაში, რათა საერთაშორისო გამოცდილება გაუზიაროს მოსწავლეებს. ჯიმშერ ღურწკაიამ მათემატიკის მასწავლებელს ასევე დამატებითი ანაზრაურება დაუნიშნა.
სკოლაში ამჟამად 36 პედაგოგი 223 მოსწავლეს ასწავლის. ფიზიკის მასწავლებელს ლელა ბარკალაიას პრეზიდენტმა სტაჟისა და დამსახურების გამო ღირსების ორდენი გადასცა.
სკოლაში სწავლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის ,,ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია’’ გამარჯვებული, ლტოლვილი გალის რაიონიდან, მე-8 კლასის მოსწავლე ნუკრი შონია, რომელიც პრეზიდენტმა პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა. კომპიუტერი პრეზიდენტისგან ასევე მიიღო მე-7 კლასის ათოსანმა მოსწავლემ მარიამ შამუგიამ.